მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერილია და ჩვენი ვალდებულება იყო დაბრუნებულიყო პენიტენციურ სამსახურში - აცხადებს იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე:
"ვრცელდება ძალიან ბევრი და სხვადასხვა სახის ინფორმაცია, თუმცა ბუნებრივია ამ სპეკულაციაზე მე ვერ ვისაუბრებ და შეუძლია ისაუბრონ შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა. როგორც უკვე მოგახსენეთ, მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან და ბუნებრივია პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ როცა დასრულებულია მკურნალობა და იგი გაწერილია შესაბამისი ჰოსპიტლიდან" - განაცხადა ბრეგაძემ და ისევ დაიმუქრა, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, გლდანის ციხის დაწესებულებაში მოათავსებენ:
"თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთლეობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ჩვეულებრივად ყველა პატიმარი და ამ შემთხვევაში ისიც იქნება გადაყვანილი მე-18 დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში" ამბობს ბრეგაძე.
ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პენიეტნციურის თანამშრომლებს, რომელმაც გააცნეს რომ ჰოსპიტალიდან გაწერილი იყო წინააღმდეგობა გაუწია და "არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას".
მინისტრი ბრეგაძე უარყოფს, რომ "ძალისმიერი მეთოდები" გამოიყენა ბადრაგმა და ისევ ამტკიცებს, რომ "კანონის წინაშე ყველა თანასწორია" და როდესაც "პატიმარი არ ემორჩილება კანონიერ მოთხოვნას, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას იძულებითი ღონისძიებები".
მისივე თქმით, "პატიმრის გადაყვანა ადვოკატებთან შეთანხმებით არ ხდება"
ამ ეტაპზე შეჩერებულია მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაყვანის გადაწყვეტილება.
ცნობისთვის, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ციხეში სცადეს. მესამე პრეზიდენტთან ბადრაგები შევიდნენ და მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ კლინიკიდან გაწერილი იყო, რასაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგობა მოჰყვა.
მასთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ არც პირად ექიმს და არც დედას.
ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც, რასაც მესამე პრეზიდენტის გონების დაკარგვა მოჰყვა.
მიხეილ სააკაშვილმა მომხდარის შემდგ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც დეტალურად აღწერს ინციდენტს.