
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც ის Twitter-ზე წერს, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს, რეფორმები სიფრთხილით, ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გატარდეს.
"ვიზიარებ შეშფოთებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით. როდესაც საქმე ეხება დემოკრატიისათვის საკვანძო შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპს, ჩვენ მოვუწოდებთ, რეფორმები გატარდეს ფრთხილად, ფართო კონსულტაციებით, შესაბამისი გარდამავალი პერიოდით, რათა თავიდან იქნას აცილებული გამყინავი ეფექტი თანამდებობის პირებზე", - წერს საფრანგეთის ელჩი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. საერთაშორისო და შიდა უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, მმართველი პარტია გეგმავს, კანონპროექტი მიმდინარე კვირაში სამივე მოსმენით დაამტკიცოს.