მე ვარ "ქართული ოცნების" წევრი და ამით ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა დაიწყო, სადაც დღეს დეპუტატებმა რამდენიმე კანონპროექტის განხილვასთან ერთად, ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. 

თავმჯდომარის თანამდებობაზე მმართველმა გუნდმა შალვა პაპუაშვილი წარადგინა. როგორც პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პარლამენტის სპიკერის პოსტზე "ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანასა და ხალხს ღირსეულად ემსახუროს".

ამის შემდეგ მან "ქართული ოცნების" ბოლო 1 წლის საქმიანობა შეაჯამა და თქვა, რომ "ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, გუნდმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა".

"ეს წელი დამოუკიდებლობის შემდეგ იყო ერთ-ერთი ურთულესი. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე. მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით შევინარჩუნეთ მშვიდობა უკან დახევის გარეშე, გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა, ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადოდ ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, იქნება "ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი და საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობის გარანტი".

"პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე. რა თქმა უნდა, მე ვარ "ქართული ოცნების" გუნდის წევრი და ამით ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი, თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი, მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირისპირების მიუხედავად ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ბოიკოტი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი