
წლის ბოლოა და გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წლიდან, ეს ინსტიტუცია იყოს კანონის ჩარჩოებში მოქცეული მეტ-ნაკლებად - ასე ხსნის "ოცნების" წევრი სუბარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რაც მის გაუქმებას ნიშნავს.
"ლონდა თოლორაიას მიმართ ერთადერთი პრეტენზია რაც შეიძლება მე პირადად მქონდეს ეს არის ის, რა განცხადებებიც გააკეთა. გარკვეულწილად მგონია, რომ თავის მანდატს გასცდა და როცა ის ესწრებოდა მოსმენას, უკეთესი იყო დარჩნილიყო ბოლომდე" ამბობს სუბარი და გადაწყვეტილების ყველანაირ პოლიტიკურ მოტივს უარყოფს.
საკომიტეტო მოსმენას გუშინ თავად ლონდა თოლორაიაც ესწრებოდა. მან ემოციური სიტყვით მიმართა კანონპროექტის ავტორ კაც დეპუტატებს და "მადლობაც" გადაუხადა. მიმართა შეკითხვებითაც, რაზეც პასუხი ვერ მიიღო და მოსმენა დატოვა.
"ქართული ოცნება" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს.
მმართველი პარტია გეგმავს, კანონპროექტი მიმდინარე კვირაში სამივე მოსმენით დაამტკიცოს და მისივე შექმნილი უწყება გააუქმოს.