დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს - ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია იმედს გამოთქვამს, რომ უწყების გაუქმებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ კანონპროექტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს.

როგორც თოლორაიამ აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც მმართველ გუნდს კანონის მიღება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ერთადერთი მიზანია, მათ არადემოკრატიული ნაბიჯის გადადგმის გამო მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას.

"როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტს ძალიან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ კანონის მიღება და ჩემი მიზანი ახლა დარჩა ის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ მათ არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის მიღების გამო, რომელიც ალბათ დღეს ან მაქსიმუმ ხვალ იქნება მიღებული.

დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ კომენტარი, რომ პარლამენტი შეეგებება ამ ვეტოს, ანუ მათ არ აინტერესებთ არც პრეზიდენტის არგუმენტები და არა მხოლოდ ჩვენს ინსტიტუტს არ სცემენ პატივს, არამედ გუშინ ამ განცხადებებით არც პრეზიდენტის ინსტიტუტს სცეს პატივი. მე პრეზიდენტის განცხადება მაფიქრებინებს, რომ იგი ამ ბერკეტს გამოიყენებს", - აღნიშნა თოლორაიამ.

ამასთან, ​სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მის წინააღმდეგ ტროლებისა და ბოტების მეშვეობით ბინძური კამპანია მიმდინარეობს.

"დაწყებულია ძალიან ბინძური კამპანია ბოტების და ტროლების საშუალებით ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ. როგორც წესი, ეს კამპანია იწყება მაშინ, როდესაც ყველანაირი სამართლებრივი და მორალური ბრძოლის წაგება ხდება. მე მართლა მქონდა იმედი, რომ რაღაც წითელი ხაზები კიდევ დარჩა, რომლის იქეთაც გადასვლა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არანაირი ასეთი ხაზები არ არსებობს", - თქვა ლონდა თოლორაიამ.

"ქართული ოცნების" კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში პირველი მოსმენით იხილავენ. სავარაუდოდ, კანონპროექტს მმართველი გუნდი ხვალ დაამტკიცებს, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს. 

საკითხთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტმა 27 დეკემბერს გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა, ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა შეწყვიტოს. ამ განცხადების გათვალისწინებით, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილმა კანონს ხელი არ მოაწეროს და ვეტო დაადოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი