
ალუბლების ქუჩის საქმეზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი სამართლიან გადაწყვეტილებას არ ელოდება და ფიქრობს, რომ მოსამართლე მას ციხეში გაუშვებს.
პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვაზისუბანში იმ დროს დააკავა, როდესაც ადგილობრივებთან ერთად კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდა.
პანდემიის პერიოდი გამოიყენა კალაძემ და ივანიშვილმა, გამოიყენეს გარემოს გასანადგურებელი ნებართვების მოსაპოვებლად, ჩვენი ჯანმრთელობის გასანადგურებელი ნებართვების მოსაპოვებლად. ერთ-ერთი მსგავსი მაგალითია ალუბლების ბაღი... იმის ნაცვლად, რომ პოლიციას უკანონო მშენებლობისთვის შეეშალა ხელი, საბოლოო ჯამში, მე ვიქენი დაკავებული და დარწმუნებული ვარ, რომ უკანონო განაჩენი იქნება ჩემთან მიმართებაში, ნახევარ წელში, მესამე გამოტანილი, - ამბობს ჩხარტიშვილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩხარტიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 4,000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება.