"ამჟამად ის თავს კარგად არ გრძნობს და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას" | ომბუდსმენის წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, საბა ბრაჭულმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი ცოტა ხნის წინ დატოვა. ის მიხეილ სააკაშვილს, მკურნალ ექიმ ნევროლოგსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს შეხვდა.

ბრაჭულის თქმით, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია. როგორც მან აღნიშნა, საჭიროა, რომ მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა მოინახულონ და მის სამედიცინო დოკუმენტაციას გაეცნონ. 

თავად მიხეილ სააკაშვილი კი თავს კარგად არ გრძნობს და სპეციალისტებთან შეხვედრას ითხოვს.

"შევხვდი, როგორც ექიმ მკურნალ ნევროლოგს, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავად პაციენტსაც. როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს დასმულია ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. როგორც თავად პაციენტი ამბობს, მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი, ამჟამად ის თავს კარგად არ გრძნობს და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის ნევროლოგთან, თუმცა მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ დინამიკა დადებითია",-თქვა საბა ბრაჭულმა.

როგორც ბრაჭულმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობასაც. ბრაჭულის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრები გამოითხოვა, რის შემდეგაც მოკვლევა დაიწყება. 

"ფანჯარა მე თავადაც ვნახე, ის არის გაუმჭვირვალე აშკარად. თავად ამბობს, რომ ზუსტად იმ მომენტის შემდეგ, როცა მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ამის შემდეგ შევიდა დაახლოებით 6 თანამშრომელი, რომლებმაც ჯერ სცადეს მისთვის საათის წართმევა, რა დროსაც ფიზიკურ იძულებასაც ჰქონდა ადგილი, ხოლო შემდგომ მოხდა ფანჯრის სრულად დახურვა, მოგვიანებით ამოიჭრა პატარა სარკმელი, რომელიც ძალიან მცირედით იღება და ჩემთვის წარმოუდგენელია, მზის შუქი როგორ უნდა შევიდეს ამ სარკმლის გათვალისწინებით",-თქვა საბა ბრაჭულმა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე გამოეხმაურა გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაწესებულ შეზღუდვას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შესვლა შეზღუდეს, ბრაჭულმა თქვა, რომ შეზღუდვები დირექტორის ბრძანებით დაწესდა და ის კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, თუმცა ბრაჭულის თქმით, მიზეზები დამატებით დასაბუთებას საჭიროებს.

"შეზღუდვა დაწესებულია დირექტორის ბრძანებით და გამომდინარეობს კოვიდრეგულაციებიდან, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი ასევე არის პატიმარი, სარგებლობს იმ უფლებით, რომელიც გააჩნია პატიმრობის კოდექსიდან გამომდინარე, მოითხოვს დამატებით დასაბუთებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ვიზიტორი, რომელიც მის სანახავად შედის, რეგულაციებიდან გამომდინარე არის ტესტირებული და გააჩნია ნეგატიური პასუხი, გარდა ამისა დაწესებულების ლოჯისტიკური მოწყობა გულისხმობს, რომ შემსვლელები არ ხვდებიან სხვა პირებს და იზოლირებული არიან სხვა პაციენტებისგან. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ბრძანება დამატებით დასაბუთებას საჭიროებს",-თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი