
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, მესამე პრეზიდენტს სურს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი იყოს, რაც სხვა პატიმრებთან მიმართებით უკეთეს მდგომარეობაში ყოფნას გულისხმობს.
კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის "ჭირვეულობს", მაგრამ კანონი ყველა ნაწილში უნდა აღსრულდეს.
"მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, მას უნდა, რომ იყოს უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე სხვა პატიმრები, ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა. მე მგონი ეს ასე არ უნდა იყოს ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან და არავინ არ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული.
როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. რეფიდინგი, ანუ შიმშილობის შემდგომი მკურნალობა დასრულდა ორი კვირის წინ და პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც მას არ ეკუთვნის ყოფნა, ეს არის რა თქმა უნდა დისკრიმინაციული მიდგომა და ეს არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ, სახელმწიფოს მიდგომა იქნება ისეთი, რომელიც დაეფუძნება თანასწორობის პრინციპს. ჭირვეულობს ეს ადამიანი, მაგრამ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ნაწილში",- თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია არ ჰქონიათ მის უფლებადამცველებს, რომლებსაც მისი მონახულების საშუალება გუშინ არ მიეცათ. ამ დრომდე უცნობია როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.