
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ "ქართული ოცნების" კანონპროექტს ეხმაურება საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ მიკისკა და წერს, რომ მიმდინარე პროცესები არ ემსახურება დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის სათანადო მუშაობას.
ის ერთ-ერთია ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა ელჩებთან ერთად, რომლებიც ლონდა თოლორაიას პირადად შეხვდნენ.
"საგანგაშოა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაგეგმილ გაუქმებასთან, ყველა თანამშრომლის გათავისუფლებასთან და ამ დაჩქარებული მოქმედებებისთვის შერჩეულ დროსთან დაკავშირებული გარემოებები. ისინი არ ემსახურებიან დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის სათანადო მუშაობას", - წერს ჩეხეთის ელჩი.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტს გუშინ, პირველი მოსმენით მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტზე მეორე და მესამე მოსმენით მუშაობა დღეს, 30 დეკემბერს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 25 დეკემბერს გავრცელდა. "ოცნება" ამტკიცებს, რომ არაფერს აუქმებს და ამ უწყების ნაცვლად ქმნის ორ სამსახურს - სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს.