"გამოვკითხავთ და მივიღებთ დეტალურ ინფორმაციას, როგორ მოხდა მისი ციხეში გადმოყვანა" | მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები შეხვდებიან

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად დღეს მისი უფლებადამცველები მივლენ. შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორ და რა პირობებში გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში. 

ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა აქამდე მისი გამოკითხვა.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც უკვე ვიცით, არის ძალიან მძიმე. მას აქ, ამ დაწესებულებაში, ვერ გაეწევა შესაბამისი მკურნალობა, რაც დადგენილი უკვე არაერთი საექსპერტო ჯგუფის მიერ, მათ შორის, სახალხო დამცველის შექმნილი კონსილიუმისა და სამთავრობო კონსილიუმის მიერ. ამიტომ, აქ მიხეილ სააკაშვილის ყოველდღიური ყოფნა არის ყოველდღე ჩადენილი ახალი ეპიზოდი სისხლის სამართლის დანაშაულისა.

რაც შეეხება გეგმებს, ბუნებრივია, პირველ რიგში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინტერესებს, ამის შემდეგ კი გამოვკითხავთ და მივიღებთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა მოხდა რეალურად, როგორ მოხდა მისი გადმოყვანა", - თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 30 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მოულოდნელად გაიტაცეს და კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია არც ამჯერად ჰქონიათ მის უფლებადამცველებს. როგორც ადვოკატები, ისე ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა დაუშვებელი იყო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი