მთავრობის გეგმით, წლის ბოლომდე 60% უნდა აცრილიყო - 31 დეკემბრის მონაცემებით, აცრილია 40%

გამოქვეყნდა:

2021 წლის ბოლო დღის, 31 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით მოზრდილი მოსახლეობის 40%-ია აცრილი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სულ ჩატარებულია 2 512 858 აცრა:

  • სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 289 407 ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 44.9%
  • სრულად ვაქცინირებულია 1 148 962 ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 40.0%
  • ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 73 162 ადამიანს

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გეგმით, წლის ბოლომდე განსაზღვრული იყო, რომ 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60% უნდა აცრილიყო.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა "ოცნებამ" 2021 წლის 21 იანვარს წარადგინა. გეგმის მიხედვით, მოსახლეობის 60% მოსაცავად საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარია, მაქსიმალური - 158 190 243 ლარი. სექტემბერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ "უფრო მეტის ამბიცია" ჰქონდათ, ვიდრე 60%, თუმცა ოქტომბრის თვიდან დღიური აცრების რაოდენობამ რეკორდულად დაიკლო. 

ბოლო, რაც მთავრობამ ვაქცინაციის წასახალისებლად თქვა, ისაა, რომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში ერთჯერად, 200 ლარით იანვრის თვეშიც დაეხმარებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი