"ერთგულად აგრძელებს პარტიულ ხაზს" | ზურაბიშვილმა "კარტოგრაფების საქმის" ინიციატორები ეროვნული პრემიით დააჯილდოვა

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიით ე.წ. კარტოგრაფების საქმის ინიციატორები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისტორიკოსი და მკვლევარი ბექა კობახიძე ავრცელებს. 

კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზურაბიშვილმა პრემიით დაჯილდოების პროცესში პარტიული ნიშნით იხელმძღვანელა. გარდა ამისა, კობახიძე აღნიშნავს, რომ კომისიაში მხოლოდ ერთი ისტორიკოსი - ჯაბა სამუშია იყო, რომელიც მმართველი გუნდის მიმართ სიმპათიებით გამოირჩევა.

ბექა კობახიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  

"გასული წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი ეროვნულ პრემიაზე.

თავისთავად, სახელწოდება "ეროვნული პრემია" რაღაც ზეპარტიულს გულისხმობს. თუმცა, იქვე შედგა საკონკურსო კომისია (იხ. ქვემოთ), რომელსაც პარტიული "სუნი" ძლიერ ასდიოდა. ეს შემდეგ საქმეშიც დადასტურდა.

პრეზიდენტმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ეროვნული ერთობისა თუ თანხმობის მისაღწევად პროცესი წამოიწყო, ეროვნული პრემიით დააჯილდოვა "კარტოგრაფების საქმის" ინიციატორები - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ბნ. ხორბალაძე და ბნ. გორგოძე.

შეგახსენებთ, პროკურატურის, ღარიბაშვილის და მთელი სახელისუფლებო რგოლის ნარატივი ეყრდნობოდა ამ ორი ადამიანის (პლიუს მამა კირიონის) "არგუმენტებს".

აი, ეს ხალხი დააჯილდოვა ქნ. პრეზიდენტმა. ერთი მხრივ მეჭიაურთან, ზილფიმიანთან, შატბერაშვილთან და სხვა არარსებულ პოლიტიკოსებთან შეხვედრითა და მეორე მხრივ ბნ. ხორბალაძის ეროვნული პრემიით დაჯილდოებით ეროვნული თანხმობა არ მიიღწევა.

ოპონენტები შეიძლება შემედავონ და პოპულისტურად შემახსენონ, რომ ზემოხსენებულმა პიროვნებებმა შექმნეს "ოფიცრის ატლასი", შემახსენონ ქართველი ოფიცრის ღირსების დაფასების აუცილებლობა და სხვ. მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან კონკრეტულად ბნ. ხორბალაძემ ფეხქვეშ გათელა ქართველი ოფიცრის ღირსება. ჯერ ხომ უდანაშაულო ხალხს შეუკერა საქმე და შემდეგ სუსის ფაილებიდან გავიგეთ, რომ ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიმაკოვის ფონდთან იყო კოორდინაციაში გარეჯის საქმის მსვლელობისას.

ნაცვლად იმისა, რომ შესაბამის სტრუქტურებს პრიმაკოვის ფონდთან შეხვედრები გამოეძიებინათ, "საყოველთაო შემრიგებელ" პრეზიდენტმა ის ადამიანები დააჯილდოვა, ვინც საზოგადოების ყველაზე დიდი დაყოფა და უკიდეგანო სიძულვილი გამოიწვია.

ახლა თქვენ იკითხავთ, ეგება ამ ხალხმა რაღაც არნახული შექმნა და ჩვენ გარეჯის თემა მაინც უნდა გავმიჯნოთ "ეროვნული პრემიისგან". ეს როგორ იმიჯნება არ ვიცი, მაგრამ ასეთ ხალხსაც გავცემ პასუხს.

პრემიის დებულებაში წერია: "საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში."

მე ვსვამ კითხვას - რა წვლილი შეიტანა "ოფიცრის ატლასმა" მსოფლიოს ან თუნდაც საქართველოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში? ამაზე მიპასუხებს ვინმე?

კიდევ უფრო ჩასაფრებულებმა შეიძლება იკითხონ, ეგება არ იყო უკეთესი არაფერი წარდგენილი ამ პრემიაზე და რაც იყო იქიდან საუკეთესო წარადგინესო.

ამაზეც გაგცემთ პასუხს: ჩვენ პრემიაზე წარდგენილი გვქონდა ორი წიგნი.

1. ალექსანდრე მიქაბერიძის Napoleonic Wars: A Global History, რომელიც Oxford University Press-მა გამოსცა, აშშ-ში აღიარეს წლის საუკეთესო ნაშრომად სამხედრო ისტორიის სფეროში და სრულიად თამამად ვიტყვი, რომ ქართველი ისტორიკოსის ნაშრომს ამხელა საერთაშორისო აღიარება არასდროს ჰქონია;

2. ტიმოთი ბლაუველტის წიგნი ნესტორ ლაკობაზე, რომელიც აფხაზეთის 1920-30-იანი წლების ისტორიას აღწერს და რომელიც მსოფლიოს წამყვან რუტლიჯის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ეს წიგნი სულ მალე გახდება წამყვანი ლიტერატურა აფხაზეთის ისტორიის კვლევაში მსოფლიო მასშტაბით.

ორივე წიგნი ინგლისურ ენაზეა დაწერილი, ხოლო კომისიაში მხოლოდ ერთი ისტორიკოსი იყო - ჯაბა სამუშია, რომელმაც არც ერთი უცხო ენა არ იცის. ამასთანავე, ბნ. სამუშია ოცნების პარტიული კადრია და აქტიურად იღებდა მონაწილეობას გარეჯის საქმის შეკერვის პროცესში (იხ. ქნ. ტოკლიკაშვილის პროპაგანდისტული დოკ. ფილმი გარეჯზე).

აი ასე ესმით საქართველოში "ეროვნული პრემია". ვის აჯილდოებენ და ვინ აჯილდოებს - პარტიის მიღმა რაც გინდა გააკეთე, ყოველთვის გერი იქნები. ერთი ვიწრო ჯგუფისაა სახელმწიფოც და ბიუჯეტიც. ჩვენ მისი ნაწილები არ ვართ. ხოლო ეს ჯგუფი ჩვენს სახელმწიფოს სამარცხვინო მდგომარეობაში ამყოფებს. ჯილდოვდებიან დასასჯელები, ხოლო იგნორირდებიან საყოველთაოდ აღიარებულები.

ეს ეპიზოდიც გვახსოვდეს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ "გამაერთიანებელ" შეხვედრებს ხბოს აღტყინებით რომ შევხედავთ.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს სწორედ ქნ. პრეზიდენტმა დაიწყო გარეჯის გარშემო მთელი ეს უბედურება, როდესაც გარეჯის ქედზე შეიარაღებულ მესაზღვრეებთან ერთად გამოჩნდა და ალიევს ულტიმატუმებით მიმართა. მას შემდეგ შეუწყდათ უდაბნოს მონასტერზე ქართველ მომლოცველებს წვდომა.

ეროვნული პრემიის "კარტოგრაფების საქმის" ავტორებისთვის მინიჭებით, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა რომ ის საერთოდ არაფერს ნანობს და ერთგულად აგრძელებს პარტიულ ხაზს", - წერს კობახიძე Facebook-ზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი