
კალიფორნიაში ქალმა ტყუპები გააჩინა, რომელთაგან ერთი 2021 წელს დაიბადა, ხოლო მეორე 2022 წელს.
გამოცემა insider-ის ცნობით, პირველი ბავშვი 31 დეკემბერს 23:45 საათზე გაჩნდა, მეორე კი 15 წუთის შემდეგ 1 იანვარს.
"ჩემთვის სიგიჟეა, რომ ისინი ტყუპები არიან და სხვადასხვა დაბადების წლები აქვთ", - თქვა დედამ, ფატიმა მადრიგალმა.
სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ, რომელშიც ჩვილები დაიბადნენ, პოსტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნა და დაწერა, რომ ასეთი შემთხვევის შანსი 2 მილიონში ერთია.
"მივესალმებით აილინ იოლანდა ტრუხილიოს, როგორც პირველ ბავშვს 2022 წელს! მისი ტყუპისცალი, ალფრედო ანტონიო ტრუხილიო, დაიბადა 15 წუთით ადრე, პარასკევს, 31 დეკემბერს, საღამოს 23:45 წუთზე, რაც ნიშნავს, რომ მათი დაბადების დღე სხვადასხვა დღეს, თვესა და წელს მოდის - შანსი 2 მილიონში 1!"- ნათქვამია twitter-ის პოსტში.