
"სამწუხაროდ, ძალიან ადრე შევედით საარჩევნო პროცესში", - ეს განცხადება პრემიერმა გიორგი გახარიამ ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.
გიორგი გახარია ოპოზიციის გარდა, მედიასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ფეიკ ნიუსები ვრცელდება. როგორც პრემიერი ამბობს, მთავრობას ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარლამენტში შეტანის დროს რეგლამენტი არ დაურღვევია.
სამწუხაროა ის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მედია სივრციდან შინაარსობრივი პოლიტიკური ნიუსი, როგორც ასეთი, გაქრა, არის მხოლოდ და მხოლოდ ფეიკი და პროპაგანდა. რეალურად, ეს ანტიკრიზისული ბიუჯეტის ახალი ვერსია, რომელიც შეიტანა მთავრობამ, არაფერი არ დაურღვევია, რეგლამენტის შესაბამისად, ზუსტად საათების მიხედვით იყო ყველაფერი გაკეთებული. არის უკიდურესად სერიოზული სისტემური ნამუშევარი, რომელზეც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, შეცვლილ ბიუჯეტში კორონავირუსის მეორე ტალღაც არის გათვალისწინებული.
ეს ბიუჯეტი ითვალისწინებს ბევრ ისეთ რაღაცას, როგორიც არის მეორე ტალღის შესაძლებლობა. ჩვენ ხომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი თავი და სახელმწიფო იმ მდგომარეობაში, რომ თუ მაგალითად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შემოდგომისას გაუარესდა, კიდევ ერთი დაკორექტირებული ბიუჯეტი შევიტანოთ. ამიტომ ამ ბიუჯეტზე მუშაობა არ იყო მარტივი, - ამბობს პრემიერი.