„მე როგორც გუნდის წევრი, როცა განხილვები დაიწყება, ჩემს სათქმელს ვიტყვი“, - ეს განცხადება პრემიერმა გიორგი გახარიამ საარჩევნო სიებზე საუბრისას გააკეთა.
გიორგი გახარიას თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მეათე მოწვევის პარლამენტში მოსახვედრ დეპუტატთა სიაზე მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. პრემიერი გააღიზიანა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვამ, ადგენს თუ არა სიას ბიძინა ივანიშვილი და იქნებიან თუ არა მისი გუნდის წევრები საარჩევნო სიაში.
რას ნიშნავს კვოტა? ჩვენ ვსაუბრობთ გუნდურ მუშაობაზე. „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმჯდომარე. რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს გამსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სიაში პარლამენტში არჩევნების წინ ვინ მოხვდება, - ამბობს პრემიერი.
გახარიას თქმით, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელებულა და საარჩევნო სიაზე საუბარი ნაადრევია.