2022 წელს ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს 6 მოქალაქე შეხვდა. მამუკა ჩხიკვაძე, ირაკლი ბებუა, ზაზა მეგრელიშვილი, თამაზ გოგიჩაშვილი, კახა ნათაძე და ვალერი კანიაშვილი საკუთარ ქვეყანაში საოკუპაციო საზღვრის კვეთის გამო დააკავეს.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი მამუკა ჩხიკვაძეა, ყოფილი სამხედრო, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამშობლოს დასაცავად იბრძოდა. 24-ე დღეა ოკუპანტების მიერ „შავ სიაში“ შეყვანილ ჩხიკვაძესთან შესვლას წითელი ჯვარი ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორგანიზაციისთვის ციხის კარი დაიკეტა. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დროის გაჭიანურება და უარი, ყველას აფიქრებინებს, რომ ყოფილი სამხედრო ახლა წამების მსხვერპლია.
ოჯახი დახმარებას და მთავრობისგან ყურადღებას ითხოვს, თუმცა საკუთარი მოქალაქეების ხმა მთავრობის წევრთა კაბინეტებამდე ვერ აღწევს. დღეს საპროტესტო მსვლელობა მამუკა ჩხიკვაძის ოჯახის წევრებმა ამ მიზნით მოაწყვეს.
სტრასბურგის სასამართლომ პუტინის რუსეთს ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად დრო 4 იანვრამდე განუსაზღვრა, ოკუპანტები ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ. დრო კი მამუკა ჩხიკვაძის წინააღმდეგ მუშაობს, ომის ვეტერანს შესაძლოა ოკუპანტებმა ე.წ სამხედრო დანაშაულის ბრალდებაც დაუმატონ.
ვიდრე საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტყვეობაში რჩებიან, მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და რუსული აგრესიის მასშტაბიც იზრდება, მთავრობა ისვენებს. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით 10 იანვრამდე საქართველოში უქმე დღეებია.