მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ განსხვავებულ აზრს პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით - აშშ-ს საელჩო

გამოქვეყნდა:

​შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ემსახურება და უმწვავეს განცხადებას ავრცელებს, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ მმართველმა პარტიამ "ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას".

განცხადებაში საელჩო ასევე ეხმაურება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებას და წერს, რომ აღნიშნულმა სასამართლოს მიმართ ნდობა შეასუსტა.

"გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა. განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით.

შეერთებული შტატები ყოველ დღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, 30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქებას მხარი დაუჭირა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონპროექტი მოსამართლეების დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებით.  ცვლილებების თანახმად, გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ "აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი