ახალი პოლიტიკური იარაღი ოპოზიციის ხელში. სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები დანაშაულებრივი ქმედებების გამოსაძიებლად ახალი პლატფორმის შექმნისთვის იწყებენ ბრძოლას. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.
ნაციონალური მოძრაობა ამ ფაქტების გამოძიებისთვის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
ოპოზიციის პოლიტიკური პასუხი მესამე პრეზიდენტის ინიციატივაა. მისი განხორციელება კი მთელი ოპოზიციური სპექტრის ძალისხმევას მოითხოვს. კომისიის შესაქმნელად მთავარმა პარტიამ ბოიკოტი უნდა შეწყვიტოს და შეძლოს კონსულტაციების გზით ყველა ოპოზიციონერის დათანხმება, იმისთვის, რომ 50 ხმა მოაგროვოს.
კონსულტაციები ხატიას დეკანოიძეს საპარლამენტო პარტიებთან უკვე დაწყებული აქვს. მოლაპარაკებები უკვე გაიმართა "ლელოსთან", "სტრატეგია აღმაშენებელსა" და დამოუკიდებელ დეპუტატებთან.
კომისიის თავმჯდომარეობას სავარაუდოდ თამარ კორძაიას შესთავაზებენ.
ოპოზიციური გაერთიანებების ოფიციალური პოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.