მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები 2022 წელს - გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის პორტფელს წელს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დაემშვიდობება და მას ილია დარჩიაშვილი ჩაანაცვლებს.
ილია დარჩიაშვილი ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. მანამდე ის პოლონეთში საქართველოს ელჩი იყო და შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. მთავრობის ადმინისტრაცია 2021 წლის 1 მარტიდან ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დარჩიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი კადრია, თუმცა ირაკლი კობახიძეს დარჩიაშვილის ქვეყნის ნომერ პირველ დიპლომატად დანიშვნა არ სურს, რასთან დაკავშირებითაც "ქართულ ოცნებაში" უთანხმოებაა.
თავად ილია დარჩიაშვილი რაიმე ცვლილებებს არ ადასტურებს:
"ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, ვერ გიდასტურებთ ვერაფერს, ჩემთან კონსულტაციები არ ყოფილა",- თქვა ილია დარჩიაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, დავით ზალკალიანი აშშ-ში ელჩად გაემგზავრება, ხოლო ამჟამინდელი ელჩი, დავით ბაქრაძე გაეროში გადავა.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზალკალიანთან ერთად თანამდებობას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავაც გამოემშვიდობება და მას საკუთარი მოადგილე, ოთარ დანელია ჩაანაცვლებს.
არსებული ინფორმაციით, ამ წელს თანამდებობის დატოვება მოუწევს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც.