
მიხეილ სააკაშვილს დიდი იმედი აქვს საპარლამენტო კომისიის შექმნის და აპირებს ჩვენება მისცეს - განცხადებას ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის თანამებრძოლმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
ხერხეულიძის ინფორმაციით, ხვალ იგეგმება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლის შესვლა მიხეილ სააკაშვილთან გორის ჰოსპიტალის ეპიზოდთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული დეტალების შესახებ, ხერხეულიძისთვის ცნობილი არ არის.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, ხერხეულიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ვიზუალურად უკეთ გამოიყურება, თუმცა საჭიროებს ექიმების ყურადღებას და შემოწმებაც. როგორც ის ამბობს, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჰოლანდიელი ექიმი უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ვერ მიიღო პასუხი იუსტიციისგან, მისცემდნენ თუ არა ნებართვას ციხეში შესვლის.
ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც გორში ბოლო ვიზიტისას დამხვდა, პრობლემები არსად არ წასულა, მაგრამ შედარება არ არის. უკეთესად გამოიყურება ვიზუალური თვალსაზრისით. იცით, რომ ბარიერია და ის, რაც შემეძლო მენახა იმას მოგახსენებთ.
ის ელოდება ხვალ სახელმწიფო ინსპექტორს გორის წამების ფაქტთან დაკავშირებით, ხვალ გამოკითხავენ მიხეილ სააკაშვილს.
დიდი იმედი აქვს საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით, ის აპირებს ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას და მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ეს კომისია და იმუშაოს - ამბობს ხერხეულიძე
როგორც ირკვევა მესამე პრეზიდენტი ამჟამად ეკონომიკურ პროგრამას წერს და დეტალების გასავლელად ხვალ დეპუტატ რომან გოცირიძეს ელოდება. ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აწუხებს ხალხის სიდუხჭირე და სწორედ ამ ჩიხიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს.
პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისაკენ არის მიმართული. იმ საკითხებით არის მოცული მთლიანად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში", - აცხადებს ხერხეულიძე.