
იტალიაში, რუსეთის მოთხოვნით ოდესის ოპერისა და თეატრის მთავარი რეჟისორი, ევგენი ლავრენჩუკი დააკავეს.
ლავრენჩუკი ნეაპოლში 17 დეკემბერს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია 3 იანვარს გახდა ცნობილი. იტალია რუსეთში მისი ექსტრადირების საკითხს განიხილავს.
ლავრენჩუკს ფინანსურ დარღვევებში ედება ბრალი. გამოცემა Tass-ის ცნობით, მოსკოვის სასამართლომ მას დაუსწრებლად პატიმრობა უკვე შეუფარდა. გადაწყვეტილება 2020 წლის ივლისში მიიღეს.
ლავრენჩუკის მხარდამჭერი ჯგუფის, Free Eugene Lavrenchuk-ის ინიციატორი, მარიანა გუდიჩ-პალის თქმით, რუსეთის ხელისუფლება რვა წლის წინანდელ ფინანსურ დარღვევას იძიებს, როდესაც ლავრენჩუკი რუსეთში მუშაობდა. რეჟისორის კოლეგები და ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.