რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად პირად ექიმებსა და ალტერნატიული კონსილიუმის წევრებს ამ დრომდე არ უშვებენ. მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის ვადა კი ხვალ, 6 იანვარს იწურება.
"ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ უწყებას პირველად 30 დეკემბერს მიმართეს, მეორედ კი ჰოლანდიელი ექიმის დაშვება მოითხოვეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ჯიშკარიანი ამბობს, რომ დღემდე არ აქვთ ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს პაციენტის მკურნალობა და მიხეილ სააკაშვილის უფლებები ისევ ირღვევა.
ექიმი ლალი ჯავაშვილი ამბობს, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი ვიზუალურად უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდეს, თუმცა რეალურად როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არავინ იცის. მისი თქმით, კონსილიუმის წევრებს ციხის ექიმთან გასაუბრების საშუალებაც კი არ ეძლევათ.
ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს 2 მთავარი მოთხოვნა აქვს: კომუნიკაციის აღდგენის შესაძლებლობა კონფიდენციალურობის დაცვით და დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფისთვის მის მონახულებაზე ნებართვის მიცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აპირებს პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს.