
არ არის სწორი, ყოველ ჯერზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია იქმნებოდეს - აცხადებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კომენტირებისას.
სარჯველაძისგან განსხვავებული კომენტარი გააკეთა გუშინ "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძემ და არ გამორიცხა კომისიის შექმნისთვის მხარდაჭერა.
"სპონტანურად რომ გიპასუხოთ, შეიძლება, მე პირადად არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არის, რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია" თქვა კობახიძემ.
ამ თემაზე ენმ-მ საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციები დაიწყო. დღეს მოლაპარაკებები ხატია დეკანოიძემ "გირჩებთან" და "მოქალაქეებთან" გამართა.
მისი თქმით, "გირჩთან" მოლაპარაკებებით კმაყოფილია, იოსელიანთან კი ვერ შევთანხმდა.
საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარს უჭერს "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი".