
„ვერავის ვერ დავრთავთ ნებას, ან ვერ ავუკრძალავთ. ეს არის მათი უფლება, ჩაატარონ აქცია კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ისინი მოითხოვენ“, - ეს განცხადება თბილისის მერმა გააკეთა.
კახა კალაძე გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ დაანონსებულ სიმბოლურ აქციას ეხმაურება. მერის თქმით, პარლამენტის წინ აქციის გამართვის მსურველებს მიაწვდიან ინფორმაციას, ხომ არ არის დაგეგმილი სხვა ღონისძიება იმავე ლოკაციაზე.
ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტს, ან სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს, სხვა პიროვნებებს, სხვა ადამიანების დაჯგუფებებს აქვთ შემოტანილი კონკრეტულ ტერიტორიაზე ნებართვა სხვადასხვა ღონისძიებების წარმართვის, მერია უფლებამოსილია, ვალდებულია, ეს აცნობოს იმ მხარეს, რომელსაც შემოაქვს წერილი, - ამბობს კალაძე.
კალაძე 20 ივნისის ღამის მოვლენებს იხსენებს და კვლავ პარლამენტში შეჭრასა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
პარლამენტის წინ ვხედავდით ასევე პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ ახალგაზრდები და პარლამენტში შეჭრას, შევარდნას, არეულობის მოწყობას და ამის აღიარებითი ჩვენებებიც არსებობს პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამოქალაქო აქტივისტებმა 20 ივნისს პარლამენტის წინ აქციის გამართვის ნებართვის თხოვნით მერიას უკვე მიმართეს.