
ყაზახეთში დემონსტრანტებმა ქვეყნის უმსხვილესი ქალაქის, ალმათის აეროპორტი აიღეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Orda.Kz ტელეგრამის არხით ავრცელებს და წერს, რომ აეროპორტის თანამშრომლებმა შენობა უკვე დატოვეს. მუშაობა შეწყვიტა აქთაუს აეროპორტმაც.
ყაზახეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტებმა ქალაქ ალმათში ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
მასშტაბური აქციები ქვეყანაში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო დაიწყო. თავდაპირველად აქცია მანგისტაუს რეგიონში დაიწყო, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებიც მოიცვა. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა დღეს, 5 იანვარს გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.