თავი შეიკავეთ ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ძალადობის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს - EU ყაზახეთზე

გამოქვეყნდა:

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ევროკავშირი მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

EU დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, რომ იმოქმედონ პასუხისმგებლობითა და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ძალადობის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს.

"ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, გაზის ფასის ბოლო გაორმაგებას უკავშირდება, ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობითა და თავშეკავებით და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა ძალადობის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს. მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას ვაღიარებთ, თუმცა ევროკავშირი მოელის, რომ ისინი დარჩებიან არაძალადობრივი დემონსტრაციის ფარგლებში და თავიდან აიცილებენ ძალადობის ყოველგვარ წაქეზებას. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის და ძალის გამოყენების პროპორციულობის ფუნდამენტურ უფლებას ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების დაცვისას, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები.

ყაზახეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ევროკავშირი-ყაზახეთის გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მათ შორის პრესის თავისუფლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ევროკავშირი ხელს უწყობს სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტას ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინკლუზიური დიალოგისა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის გზით",-ნათქვამია განცხადებაში.

ყაზახეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტებმა ქალაქ ალმათში ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი წაუკიდეს. 

მასშტაბური აქციები ქვეყანაში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო დაიწყო. თავდაპირველად აქცია მანგისტაუს რეგიონში დაიწყო, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებიც მოიცვა. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა დღეს, 5 იანვარს გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი