
ყაზახეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმათში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.
ქვეყანაში მთელი დღის განმავლობაში დაძაბული სიტუაცია იყო. დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციასა და მერის ოფისში შეიჭრნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ალმათის რეზიდენციაში გაქცევამდე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი არაერთხელ გამოიყენა.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის დროს რვა პოლიციელი და ეროვნული გვარდიის წევრი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა, მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ქვეყანაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაძაბულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა.
მასშტაბური აქციები ქვეყანაში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო, ჯერ მანგისტაუს რეგიონში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.
ამავე თემაზე:
ყაზახეთის სპეცრაზმმა ალმათის აეროპორტზე კონტროლი აღადგინა