
"ევროპული საქართველო" აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ითხოვს. პარტიის ლიდერები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრს თამარ წილოსანს მიმართავენ.
გიგა ბოკერიას თქმით, წილოსანი, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტითაა წარდგენილი, დუმს, რაც ტელევიზიაში არსებული პროცესებისთვის ფაქტობრივ მხარდაჭერას ნიშნავს.
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება, კიდევ ერთი ნათელი დასტურია, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილი დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას.
სიმბოლოდ იქცა, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება იმის, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილი ჩაახშოს, სადაც ამის შესაძლებლობა აქვს, პლურალიზმი და სახელმწიფოსა და ხელისუფლების პროპაგანდის ორგანოდ აქციოს ეს. ისეთი ადამიანი აღმოჩნდა ჩვენგან წარდგენილი, რომელიც ამდენი ხანი ვერ აფიქსირებს პოზიციას, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს მხარდაჭერას ამ დირექტორის, ეს ძალიან სამწუხაროა, - ამბობს ბოკერია.
პარტიის წევრების შეფასებით, წილოსანმა და ბორდის სხვა წევრებმაც, დაუყოვნებლივ უნდა დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია.