
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადანაშაულებს.
კაპიტოლიუმში შეჭრიდან ზუსტად ერთი წლის თავზე ბაიდენმა მოსახლეობას შენობიდან მიმართა. ბაიდენის თქმით, თავდასხმამდე ტრამპი 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებდა.
"ჩვენი ისტორიის განმავლობაში პირველად, პრეზიდენტმა უბრალოდ კი არ წააგო არჩევნები, სცადა, ხელი შეეშალა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის პროცესისთვის",- თქვა ბაიდენმა.
მოქმედის განცხადებას ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა "ბაიდენი ერს ანადგურებს" - თქვა ტრამპმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს "დიდი ტყუილი" უწოდა.
კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები 2021 წლის 6 იანვარს, მაშინ შეიჭრნენ, როცა აშშ-ს კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. ტრამპის მხარდამჭერები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ ის გაყალბდა. კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე, მათ დონალდ ტრამპმა სიტყვით მიმართა.
დაპირისპირების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
ამავე წლის 14 იანვარს, ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით დონალდ ტრამპს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი, თუმცა იმპიჩმენტს სენატმა მხარი არ დაუჭირა.