
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით გაანადგურებს მათ, "ვინც იარაღის დაყრაზე უარს იტყვის". ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის, ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმათში შეტაკებები გრძელდება, ისმის სროლის ხმაც. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და გარდაცვლილები.
ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ქვეყანაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილზე სიტუაცია განსაკუთრებით 5 იანვარს დაიძაბა, ღამის განმავლობაში ქალაქ ალმათში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.
მანამდე, დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციასა და მერის ოფისში შეიჭრნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ალმათის რეზიდენციაში გაქცევამდე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაძაბულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა.
მასშტაბური აქციები ქვეყანაში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო, ჯერ მანგისტაუს რეგიონში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.