
26 დემონსტრანტი მხოლოდ წუხელ უშიშროების ძალების მიერ იქნა ლიკვიდირებული, მსხვერპლია ძალოვანთა შორისაც. ბოლო ინფორმაციით, გუშინდელ შეტაკებებს 18 ძალოვანი ემსხვერპლა. დაპატიმრებულია 3 000-მდე ადამიანი.
უკვე მეორე დღეა ყაზახეთში ვითარებას კოლექტიური თავდაცვის ძალები აკონტროლებენ, ოფიციალურმა ბიშკეკმა, რომელიც ბოლო მომენტამდე ყაზახეთში ჯარის გაგზავნაზე უარს აცხადებდა, გადაწყვეტილება შეცვალა და ყირგიზი სამხედროები მეზობელ ქვეყანაში უახლოეს დღეებში შევლენ.
ქვეყანაში კოლექტიური თავდაცვის ძალების შესვლის შემდეგ ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა. პრეზიდენტი ტოკაევი აცხადებს რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო წესრიგი თითქმის აღდგენილია და კონტრ-ტერორისტული ოპერაცია ტერორისტების სრულ განადგურებამდე გაგრძელდება.
ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირველ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს ოფიციალური მოსკოვიც. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის მარია ზახაროვას თქმით, შეერთებული შტატების ზოგიერთ წარმომადგენელს არ ესმის არაფერი ყაზახეთში არსებულ სიტუაციაზე და საკუთარ განცხადებებს ოფიციალური ვაშინგტონის ოფიციალურ პოზიციად ასაღებენ.
ეს პასუხი თეთრი სახლის პრეს-მდივნის ჯენ საკის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა რომ აშშ-ს შეკითხვები აქვს ყაზახეთში კოლექტიური თავდაცვის ძალების შეყვანის კანონიერებასთან დაკავშირებით.
დღეს დილიდან ყაზახმა სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს ალმატის აეროპორტი, რომელიც ამბოხებულებს ჰქონდათ დაკავებული. დილიდან იყო სასაზღვრო აკადემიის შტურმით აღების მცდელობა. ორმხრივი სროლის დროს მოკლულია ეროვნული უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო აკადემიის ხელმძღვანელი.
ავტორები: რამაზ ხატიაშვილი; ზურა პეტროსიანი