საჩუქარი ივანიშვილს - მთავრობამ „ქართუს“ 49 255 კვ.მ მიწა 3 445 კვ.მ-ში გაუცვალა

გამოქვეყნდა:

ბაკურიანში ყველამ იცის, რომ მათ მეზობლად ბიძინა ივანიშვილს დიდძალი ქონება აქვს, ამგრამ ჯერ არ იციან, რომ დიდველის მიმდებარე ტორიტორიაზე არსებული შენობა ოლიგარქმა სახელმწიფოს სხვა ქონებაში სარფიანად გაუცვალა. 

ბიძინა ივანიშვილის ბანკმა და ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთები 2020 წლის 26 თებერვლს გაცვალეს. გარიგების მიხედვით, ბაკურიანში, დიდველის საბაგიროსთან მდებარე შენობის სანაცვლოდ სახელმწიფომ, ივანიშვილის კომპანიას, ბაკურიანში, აბასთუმანში, ბათუმსა და მცხეთაში ჯამში 14–ჯერ დიდი ტერიტორია გადასცა. 3 445 კვადრატულის სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილმა  49 255 კვ.მ მიწა მიიღო.  

ბაკურიანის სამი ახალი ნაკვეთი ივანიშვილის იმ საკუთრებას ესაზღვრება, რომელიც, ამონაწერების მიხედვით, მის ბანკს 2011 წელს, ვალის გაქვითვის ხარჯზე გადაეცა.

ყველაზე სოლიდური ტერიტორია, სახელმწიფოსთან გარიგებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბანკს, მცხეთაში, მუხათწყაროს მიმდებარედ გადაეცა. სამ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი, ლისის ტბის მიმდებარედაა და მას ორი მხრიდან ტყე ესაზღვრება. ნაკვეთების გაცვლის შესახებ თანხმობა საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 21 თებერვლის N359 განკარგულებით გასცა, მაგრამ ეს განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე ატვირთული არაა. მთავრობის მეთაური კი დარწმუნებულია, რომ მისი განკარგულებები საჯაროა. 

თებერვლის გარიგების შემდეგ, "ქართუს" საკუთრება გახდა 3 000 კვ.მ-ზე მეტი ორი ნაკვეთი აბასთუმანში. ორივე მათგანი ესაზღვრება ივანიშვილის სახლს. კიდევ ერთი ტერიტორია, რომელიც „ქართუმ“ სახელმწიფოსგან იმავე ხელშეკრულებით მიიღო, ბათუმშია - გარიგების შემდეგ, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე 1 310 კვ.მ მიწის ნაკვეთი ივანიშვილის კომპანიის საკუთრებაა. რა პირობებით გადაეცა „ქართუს“ ნაკვეთები და როგორ აპირებენ მის გამოყენებას ამ კითხვით "მთავარი არხი" ქართუში მივიდა, მაგრამ საუაბრი არავინ ისურვა. 

"მთავარი არხი" დაუკავშირდა ქონების მართვის სააგენტოს, მთის კურორტების განვითარების კოპანიასაც, რომელ უწყებასთანაც ბანკმა "ქართუმ" ტერიტორიები გაცვალა, მიუხედავად დაპირებისა, მათ "მთავარ არხს" შეკითხვებზე არ უპასუხეს. რისთვის აფართოებს ოლიგარქი თავის ტერიტორიებს, ამ დრომე გაუგებარია. 

 

ავტორი: ნანი სისვაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი