
თხევადი აირის ღირებულება საშუალოდ 20-დან 25 თეთრამდე იზრდება - მთავარი პრინციპი, რის გამოც 50 ათასი ადამიანი თხევად გაზს ბოლო სამი წელია ირჩევს, ხარისხი და დაბალი ფასია, თუმცა დღეს პარლამენტმა კრიზისში მყოფ ადამიანებს პირდაპირ უთხრა, რომ შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ და ისედაც გაძვირებულ ცხოვრებას კიდევ უფრო უძვირებენ.
უსაფუძვლო და არალოგიკურია ცვლილებები თხევადი გაზის ასოციაციისთვის. კომპანიამ საკანონმდებლო ორგანოს სპეციალური წერილით უკვე მიმართა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქმეში მსხვილი ნავთობიმპორტიორების ინტერესი იკვეთება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი საფრთხის ქვეშ სწორედ, თხევადი აირის ბაზარზე დარჩენა დგება.
თხევადი გაზის აქციზის გაზრდა, ფასს მომხმარებელსაც გაუძვირებს. იურისტები ვარაუდობენ, რომ ბაზარზე თხევადი აირი არაკონკურენტუნარიანი იქნება. რაც საბოლოოდ კომპანიას მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს. ფასი კი მათი გათვლებით საშუალოდ 20-25 თეთრით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ისევ მსხვილ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს მიმართავს.
ბაზარზე სრულ მონოპოლიას მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიები მოიპოვებენ. სწორედ ბიზნესასოციაცია ლობირებს ცვლილებებს, რომელის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ექპსერტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება მსხვილ კომპანიებს ისე გაურიგდა, რომ წინასაარჩევნოდ მათი მხრიდან დაფინანსების გარანტიებიც მიიღო.
მმართველი გუნდის მტკიცებით, ნავთობიმპორტიორებთან გარიგება აბსურდია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ცვლილებებით ბიზნესი თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუმცა ნაწილობრივ იმასაც აღიარებენ, რომ კანონპროექტის მიღება ადამიანებს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება.
დღეს პლენარულ სხდომაზე განსაკუთრებით დამოუკიდებელი დეპუტატები აქტიურობდნენ, რომლებმაც "ოცნებას" ერთმნიშვნელოვნად უთხრეს, რომ ცვლილებები არა ადამინთა საჭიროებაზე, არამედ ისედაც მდიდარ იმპორტიორებზეა მორგებული. მმართველი პარტია კი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ დანაკლისს მთავრობა დაასუბსიდირებს, და თხევადი აირის გაძვირებას ადამიანები ვერ იგრძნობენ.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. დასკვნითი განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ უნდა გაიმართოს. თუ პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს, დოკუმენტი ძალაში გამოქვეყნებიდან 30 დღეში შევა.