"თუ ასეთი რამ დადგა, რა თქმა უნდა, დავძლევთ" - ქადაგიშვილი პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენებაზე

გამოქვეყნდა:

ქვეყანა პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია - სალომე ზურაბიშვილმა 10 დღეში უნდა გადაწყვიტოს, დაუშვებს თუ არა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მოსამართლეებისთვის სადამსჯელო ღონისძიებების შემოღებას.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, ამ ვეტოს დაძლევენ რადგან მათი მტკიცებით, ცვლილებების განხორციელება "საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით" მოხდა. 

"საერთაშორისო ექსპერტების მოწოდებაც იყო, მათ შორის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაც თავის დროზე, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა უნდა იყოს დამოუკიდებელი, ცალკე ინსტიტუტი, ხოლო საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებში მომხდარ გადაცდომებზე და დანაშაულებებზე ჩაატარებდა გამოძიებას, უნდა ყოფილიყო ცალკე. დღეს კანონით ეს მიზანი მიღწეულია. დაველოდებით პრეზიდენტის პოზიციას და მას შემდეგ შემდგომ ნაბიჯს გადავდგამთ. თუ ასეთი რამ [ვეტო] დადგა, დავძლევთ, რა თქმა უნდა", - თქვა "ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ანტიდემოკრატიული ქმედებაა. მათი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სწორედ ვეტოს უფლების გამოყენება იქნება.

"პარტნიორები, მეგობრები უცხოეთში, დასავლური სახელმწიფოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, ოპოზიცური პარტიები, ყველა თანხმდება, რომ ის რაც გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებით, ეს არის ანტიდემოკრატიული ნაბიჯი და თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს, ეს ანტიდემოკრატიული სვლა შეაფერხოს და ხორცი შეასხას იმ იდეას სამოქალაქო შეთანხმების, რომელზეც თვითონ საუბრობს, მან ვეტო უნდა დაადოს", - თქვა ენმ-ის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი დაჩქარებული წესით, ორ დღეში განიხილა და 30 დეკემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი