
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარი არეულობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
მისი თქმით, ხელისუფლებამ შეასრულა მომიტინგეების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები, ამის შემდეგ კი "შეიარაღებული ბოევიკების ჯგუფებმა" კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრა სცადეს.
"ალმათში ტერორისტებმა იარაღის მაღაზიები დაარბიეს, გაიტაცეს სნაიპერული შაშხანები და სხვადასხვა სახის იარაღები, ეს შეტევები კარგად ორგანიზებულმა დაჯგუფებამ მოაწყო. ტერორისტები სამხედროებისა და პოლიციელების ფორმაში გამოეწყვნენ და მასშტაბური პროვოკაციები მოაწყვეს. ბანდიტებმა პოლიციელები და სამხედროები სცემეს და არაადამიანურად მოექცნენ, ორ სამხედროს კი თავი მოაჭრეს. მათი მიზანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა იყო.
აგრესიამ ერთდროულად 11 რეგიონი მოიცვა, ვითარების განმუხტვაში დახმარებისა და ძმური თანადგომისთვის მადლობას ვუხდი მეგობარ ქვეყნებს და მათ ლიდერებს", - თქვა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
თოყაევმა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" შეხვედრაზე თქვა, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგა. ამავე თემაზე: