
NATO მიესალმება რუსეთის მზაობას ნატოსთან დიალოგის შესახებ, თუმცა რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მკაცრი ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრამდე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც უკრაინასთან, ასევე ალიანსის სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან.
მიმდინარე პროცესების პარალელურად, ჟენევაში რუსეთ-ამერიკის წარმომადგენლების შეხვედრა ამ დრომდე მიმდინარეობს.
"მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა თანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირება კიდევ ერთხელ აირჩიოს, ამიტომ გვჭირდება, რომ რუსეთს ძალიან მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალას კიდევ ერთხელ გამოიყენებენ. ამას რუსეთისთვის მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი მოჰყვება.
დღეს რუსეთთან ჟენევაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად და შეიარაღებული კონფლიქტის აღსაკვეთად, ეს მნიშვნელოვანი მცდელობაა. უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება რუსეთის მიმართ ნატოს ორმხრივი მიდგომის მიმართულებისა და მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს. ამასთან მივესალმები, რომ რუსეთი ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვას დათანხმდა, ეს პოზიტიური სიგნალია.
ჩვენ ყურადღებას გავამახვულებთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე. ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შეშფოთებას, ასევე რუსეთმა ჩვენი შეშფოთებებიც უნდა მოისმინოს და ამაზე კონსულტაციები უკრაინასთან უნდა გაიმართოს. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავ ჩვენს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან,-თქვა იენს სტოლტენბერგმა.