"ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ მისი მამა, ავთანდილ წერეთელი, რომელიც ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზეა ბრალდებული, მზადაა, პოლიტიკური პატიმარი გახდეს. როგორც წერეთელმა პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, მამამისმა საზღვარგარეთ მკურნალობა შეწყვიტა და საქართველოში სწორედ სასამართლო პროცესზე დასასწრებად დაბრუნდა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი კრიტიკული მედიის გაჩუმებას ვერ შეძლებს.
"კრიტიკული მედიის და ტვ პირველის გაჩუმება წარმოუდგენელია და გამორიცხულია, უშანსოდ არის ხელისუფლება. რაც შეეხება მოლოდინებს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ისედაც სამი წელია დაპატიმრებულები ვართ, სასამართლო დარბაზში ვცხოვრობთ, მამას რაც შეეხება, შევწყვიტეთ მკურნალობა, გუშინ ჩამოვფრინდით და გადაწყვეტილებას შევხვდებით სასამართლო დარბაზში. ბიძინა ივანიშვილს შემიძლია ვუთხრა, რომ არ გვეშინია შენი, ჩამოვფრინდით, აქ ვართ, ასე რომ, მამა მზად არის, გახდეს პოლიტიკური პატიმარი", - თქვა ვატო წერეთელმა.
ცნობისთვის, სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოსამართლემ დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოაცხადოს, ბრალდებულებს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ამავე თემაზე: