
წალენჯიხის საკრებულო კვლავ თავმჯდომარის გარეშე რჩება - სხდომა, რომელიც უკვე 3-ჯერ იყო გადადებული, ხმაურისა და დაპირისპირების გამო, დღეს კიდევ ერთხელ ჩაიშალა.
საკრებულოში მანდატების უმეტესობა ოპოზიციას ეკუთვნის, თუმცა იმის გამო, რომ გახარიას პარტია საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას და "ქართული ოცნების" წევრებისთვის სხვა პოზიციების დათმობას ითხოვს, შეთანხება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
საუბარია 9 თანამდებობაზე. გახარიას პარტია თავმჯდომარის პოზიციას, ასევე სამივე მოადგილის თანამდებობაზე საკუთარი და "ოცნების" წარმომადგენლების დანიშვნას ითხოვს. ასეთი მოთხოვნა აქვს მმართველ გუნდს 4 კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ერთს კი "ნაციონალურ მოძრაობას" სთავაზობენ. მსგავსი შეთავაზება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის მიუღებელია.
მომდევნო სხდომა წალენჯიხის საკრებულოში 20 იანვარს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება სხდომებს მიზანმიმართულად შლის, რათა ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. კანონმდებლობის თანახმად, თუ ბიუჯეტის საკითხი ორჯერ ჩავარდება, მუნიციპალიტეტში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.