
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ინფორმაციით, "აიისას" საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე მანანა კობახიძის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უარს ამბობს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მერაბ ტურავამ სუს-ის კრებსებიდან გავრცელებული ინფორმაცია სარწმუნო/ავთენტურად არ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირი მოსამართლესთან კომუნიკაციის ფაქტს საჯაროდ ადასტურებს.
საქმე ეხება სუს-ის ფარული ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, მანანა კობახიძემ "აიისას" საქმეზე პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს წინასწარ ესაუბრა, სავარაუდოდ გამოთქვა საკუთარი, წინასწარ განსაზღვრული პოზიცია და განაცხადა, რომ ის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას იზიარებდა.
"GDI მიიჩნევს, რომ სასამართლოს პასუხი უკანონო, ფორმალისტური და დაუსაბუთებელია. ამასთან, მის მიერ შუამდგომლობის პასუხად განვითარებული მსჯელობა მოკლებულია ანგარიშვალდებულების განცდას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს სასამართლოს ავტორიტეტზე და მისდამი საზოგადოებრივი ნდობის ხარისხზე", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
GDI-ს განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ მანანა კობახიძეს მართლაც ჰქონდა წინასწარი კომუნიკაცია განსახილველი საქმის შედეგით დაინტერესებულ პირთან და წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიციიდან გამომდინარე, იგი მიკერძოებულია.
"შესაბამისად, არსებობს იმის საფუძვლიანი ეჭვიც, რომ მან ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი. ამის მიუხედავად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის პასუხში განმარტავს, რომ დისციპლინარული წარმოება არ დაწყებულა, ვინაიდან არ დასტურდება გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა და, ამდენად, არ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მანანა კობახიძემ ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი",- აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, სასამართლოს მანანა კობახიძის "აიისას" საქმიდან აცილების თაობაზე შუამდგომლობის განხილვა ამ დრომდე არ დაუსრულებია. ეს საკითხი კოლეგიამ დისციპლინური საქმის წარმოებისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს.
"აღნიშნულის ფონზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმალისტური პასუხი დაყენებულ შუამდგომლობაზე აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების თაობაზე. ხოლო ამავე პერიოდში მანანა კობახიძის არჩევა მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ, დამატებით მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო არაა მოწოდებული, დაიცვას საკუთარი ავტორიტეტი, შეინარჩუნოს საზოგადოებაში ნდობა და მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით", - წერს GDI.
ამავე თემაზე:
"აიისამ" სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო