
რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტს მისი თანაგუნდელი, ლევან ხაბეიშვილი ხვდება. მან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე აღნიშნა, რომ საუბარი პარტიის მომავალ სამოქმედო გეგმებს შეეხება.
ხაბეიშვილის თქმით, ენმ მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ემზადება, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.
"პარტიის მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც მათ შორის იქნა გუშინ მიღებული პოლიტსაბჭოზე არის ის, რომ იქნება მათ შორის რეგიონში შეხვედრები და მობილიზება კონკრეტული თარიღისთვის, და ამასობაში რა თქმა უნდა, აქციები ყველა ქალაქსა თუ რეგიონში. ამიტომ, რა თქმა უნდა, გვექნება გეგმებთან დაკავშირებით საუბარი, გამოსვლის შემდეგ მე შეიძლება უფრო კონკრეტული ვიყო ამ მიმართულებით, მარტივი მიზეზით, ჩვენ ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ჩვენ ქვეყანაში რომ მივაღწიოთ, რიგგარეშე ვადამდელ არჩევნებს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, სადაც საკადრო ცვლილებებზე მიიღეს გადაწყვეტილებები. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, მისი მოადგილის პოზიცია კი აკაკი მინაშვილმა დაიკავა.