"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, თუ გარკვეულ საქმეებზე მედიამენეჯერი ან ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ბრალდებული, ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასდეს.
"როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ასეთ დროს იმის გაცხადება, რომ ბრალდება წარდგენილია ან მედიამენეჯერის მიმართ ან პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს, ეს არ არის საკმარისი წინაპირობა იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.
იგივე ბატონი სააკაშვილის საქმე, თუ ვინმე თვლის, რომ მაგალითად ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მას შემხებლობა არ აქვს, ან ასეთი დანაშაულის ჩამდენისთვის არ არის გათვალისწინებული მართლმსაჯულება ან დაგვიანებით მისი განხორციელება ეჭვის აღმძვრელია, მე ამას ვერ დავეთანხმები", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 11 იანვარს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ, 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.
თავად ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.