
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიდუხჭირესა და გამოსავლის გზებზე ისაუბრეს:
"განვიხილეთ ოთხი ძირითადი საკითხი: როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის მინიმუმ 80 თეთრით შემცირება, იქნება ეს აქციზის გადასახადის გაუქმება და ლარის გაძლიერება. როგორ უნდა იყოს საქართველოში უზრუნველყოფილი, რომ მინიმალური ანაზღაურება იყოს 1 500 ლარიდან. ასევე განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხებოდა პენსიას, რომ შესაძლებელი გახდეს 500-600 ლარი პენსია ჰქონდეს ჩვენ პენსიონერებს. მეოთხე საკითხი ეხებოდა ახალგაზრდებს, როგორ უნდა ჰქონდეთ მათ უზრუნველყოფილი სწავლის შესაძლებლობა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სახალხო გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით მარტივი რამის გამო, ჩვენ ამ უსამართლობას არ და ვერ უნდა შევეგუოთ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
მესამე პრეზიდენტი დღეს მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემაც მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნევროლოგიური დაზიანებები აქვს და გამოკვლევის გარეშე "ხვალ-ზეგ შესაძლოა, რეალური რისკი დადგეს".