სასამართლომ მტკიცებულებები სრულად გაიზიარა, უბრალოდ სხვა შეფასება მისცა ბრალდებას - ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის პროკურორი

გამოქვეყნდა:

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ამტკიცებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები "სრულად გაიზიარა" და უბრალოდ, კვალიფიკაციის ნაწილში "სხვა შეფასება" მისცა.

მისი თქმით, სასამართლოს განაჩენს გაეცნობიან და გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ - არა.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სამივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ თაღლითობის ჩადენაში, დიდი ოდენობით, ჯგუფურად. სასამართლომ უბრალოდ კვლაფიციკაციის ნაწილში სხვა შეფასება მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას. მივიღებთ ჩვენ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისათვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ", - თქვა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ გამოძიება ბრალდებულებს ფულის გათეთრებას ედავებოდა, თუმცა მოსამართლე ეს მუხლი გადააკვალიფიცირა და ისინი თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი