მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლის მცდელობისას ცუდად გახდა
გამოქვეყნდა:
ხმაური პარლამენტის შენობასთან. მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლის მცდელობისას შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატთან, თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტში ბრიფინგის გამართვა სურდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს დაცვამ შვილმოკლული მამა შენობაში არ შეუშვა, რასაც დაცვის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა. სწორედ ამის შემდგ გახდა ცუდად მალხაზ მაჩალიკაშვილი. ამჟამად მალახზმაჩლიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება.
თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილზე სპეციალური საშვი დაშვებული იყო და ბრიფინგი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო.
ბოკუჩავა ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში იმყოფება და არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა არც ჟურნალისტებს და არც მას, დაცვის სამსახურმა გადაადგილების საშუალებას არ მისცა და თალაკვაძესთან არ შეუშვა
"მესმის, რომ ბუტაფორიის როლს ასრულებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების უფლებამოსილება მაინც აქვს, რომ დაუშვას ადამიანი, რომ შემოვიდეს პარლამენტში...
სავარაუდოდ ეს იყო მისი ბრძანება. იმიტომ, რომ ნომინალურად მაინც ის პარლამენტის თავმჯდომარის როლს ასრულებს, თუ ვოლსკის ბრძანება იყო გვითხრას. კომუნისტი ვოლსკის ბრძანება იყო?მასთან ჩავალთ და მას მოვთხოვთ პასუხს" აცხადებს ბოკუჩავა.
რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ, კი ბოკუჩავასთან თალაკვაძის აპარატის წარმომადგენელი გამოვიდა, რომელმაც დეპუტატს უთხრა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ადგილზე იმყოფება და შეხვედრებს მართავს. კითხვაზე, ვის ხვდება თალაკვაძე, მისმა წარმომადგენელმა ბოკუჩავას უპასუხა, რომ "მისი საქმე არ არის".
თალაკვაძესთან შეხვედრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, თინა ბოკუჩავამ უკვე ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის კაბინეტისკენ გადაინაცვლა:
"ვნახოთ კომუნისტი ვოლსკი თუ უფრო გამბედავი აღმოჩნდება, ვიდრე მშიშარა კომკავშირელი თალაკვაძე რომელიც დაიმალა დაცვის მიღმა და გამოუშვა თავის მდივანი" განაცხადა ბოკუჩავამ.