მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტით 75 მილიონი თავდაცვის სამინისტროს აკლდება. მათ შორის არის ის 30 მილიონი, რომელიც საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისთვის იყო განკუთვნილი.
საქმე ეხება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას, რაზეც კონტრაქტი საფრანგეთთან თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის დროს გაფორმდა.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებას კრიტიკულად აფასებს.
ჩვენ ვართ, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში. რუსეთიდან მოდის ძალიან სერიოზული საფრთხეები და ამ დროს ვამცირებთ თავდაცვის ბიუჯეტს, განსაკუთრებით, საერთაშორისო ვალდებულებების ხარჯზე, - ამბობს რუხაძე.
ხელშეკრულებას საკმაოდ ხმაურიანი ისტორია აქვს. მანამდე ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე შეთანხმებას მიაღწია. თუმცა მას, საფრანგეთში ვიზიტისას, თბილისიდან ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით დაურეკეს და მემორანდუმზე ხელმოწერის გადადება სთხოვეს. ეს ფაქტი მაშინ რუსეთის ინტერესებს დაუკავშირეს. ამჟამად კი მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას კორონა პანდემიას უკავშირებს.