
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელფასების გაორმაგების შემდეგ, მაღალჩინოსნებს საახალწლოდ ფულადი ჯილდოებიც დაურიგა. ამისთვის ბიუჯეტიდან 122 ათასი ლარი დაიხარჯა.
თელავის მერი ირწმუნება, რომ მისი თანამშრომლები 12 თვის განმავლობაში დაუღალავად და აქტიურად მუშაობდნენ, თუმცა საპირისპიროზე მეტყველებს ქალაქში შექმნილი სურათი, სადაც რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ამ დრომდე მიტოვებულია.
მაგალითად ალაზნის გამზირსა და კავკასიონზე მაღალსართულიანი კორპუსების ეზოების მოპირკეთებისა და მოასფალტების სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანია რომელსაც 3 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შეესრულებინა, გაიქცა. ტერიტორია ამ დრომდე გადათხრილია, სამუშაოებზე დასაქმებულებს კი ხელფასებიც არ აუღიათ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს და კორუფციული გარიგების ნიშნებიც შეიმჩნევა.
თელავის მერი კი აღნიშნავს, რომ კომპანიას უხარისხო სამუშაოების გამო, თავად შეუწყვიტეს ხელშეკრულება და ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებენ.