არასამთავრობოები პრეზიდენტს მოუწოდებენ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს

გამოქვეყნდა:

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტო დაადოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნოს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებები შეიცავს ისეთ სენსიტიურ საკითხებს, როგორიცაა:

  1. მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება; 
  2. დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირება;
  3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმება;
  4. მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახლებური მოწესრიგება.

"ცვლილებები ცალსახად ასუსტებს ინდივიდუალურ მოსამართლეებს და აძლიერებს შიდა-კორპორატივიზმს და კლანურ გავლენებს სისტემის შიგნით. ის წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებასთან - ჩატარდეს მართლმსაჯულების ძირეული რეფორმა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლოს შესაქმნელად და მის მიმართ ნდობის აღსადგენად. ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ინდივიდუალურ მოსამართლეებს ამ ინსტიტუტის ძალაუფლების მიმართ მეტად მოწყვლადს ხდის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ყოველივეს უარყოფითი ეფექტი ექნება სასამართლო სისტემაში კრიტიკული და განსხვავებული აზრის არსებობაზე, რომელიც ისედაც დეფიციტურია", - წერია განცხადებაში. 

კოალიცია აღნიშნავს, რომ ცვლილებების შედეგად, უქმდება ის პოზიტიური საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც 2012 წლის შემდგომ მივლინების წესების რეგულირებას მოჰყვა.

"როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში მივლინება ურჩ მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მექანიზმად გამოიყენებოდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით საკანონმდებლო გარანტიების გაუარესებით მოქმედი ხელისუფლება მოსამართლეთა სამართავად იმავე მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას ცდილობს, რომლის აღმოსაფხვრელადაც სულ რამდენიმე წლის წინ თავადვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები", - წერია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ცვლილებებით უქმდება აკრძალვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის შესახებ, რაც კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია.

კოალიციის შეფასებით, ცალკე კრიტიკის საგანია ის, რომ კანონპროექტის ინიცირების პროცესი იმთავითვე გამოირჩეოდა დახურულობით და პარლამენტში მისი განხილვაც არასათანადო ჩართულობით წარიმართა. კანონპროექტის შემუშავების პროცესში მინიმალურადაც კი არ ყოფილან ჩართულნი დარგის ექსპერტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ინდივიდუალური მოსამართლეები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი