კანონებზე ხელმოწერით პრეზიდენტი "ოცნების" სადამსჯელო კამპანიას შეუერთდა - "დროა"

გამოქვეყნდა:

პარტია "დროა" პრეზიდენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონსა და ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ხელმოწერას ეხმაურება და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სასამართლო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" სადამსჯელო კამპანიას შეუერთდა. 

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის საქციელი უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფოო ინსტიტუტების განადგურების პროცესში "ოცნების" წახალისება.

"მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს უმძიმესი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების და პროფესიული წრეების მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების მიხედვით, "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას."

ის, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და თავი შეიკავა მოტივირებული შენიშვნებით კანონის პარლამენტისათვის დაბრუნებისაგან, უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში "ქართული ოცნების" წახალისება", - წერია განცხადებაში. 

პარტია აღნიშნავს, რომ  პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედება წარსულში დაფიქსირებულ მისსავე პოზიციას ეწინააღმდეგება. ამასთან, "დროა" მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მძიმედ აზიანებს მის მიერვე ინიცირებულ პროცესს ეროვნული კონსენსუსის შექმნასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი