
"რუსები ნატოსგან მომავალ საფრთხეზე საუბრობენ, მაგრამ ნატო არ შეჭრილა უკრაინასა და საქართველოში - რუსეთი შეიჭრა" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ნატო-ში თავდაცვის ხარჯები მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში შევიდა, თუმცა მანამდე საქართველო იყო. აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი პუტინი აკეთებს, ეწინააღმდეგება იმ მიმართულებას, რომლითაც მას, მისივე თქმით, სიარული სურს.
"ყველაზე დიდი ბედის ირონია ამ ყველაფერში ის არის, რომ პუტინის ქმედებებმა ბოლო წლებში მხოლოდ დააჩქარა ყველაფერი ის, რისი თავიდან აცილებაც მას თავად სურდა, სანამ რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდა უკრაინაში მოსახლეობის მხოლოდ 25% უჭედა მხარს ნატოში გაწევრიანებას, ახლა ეს მაჩვენებელი 60%-მდეა გაზრდილი. ნატო-ც იძულებული გახდა უფრო მეტი ძალები განეთავსებინა რუსეთის საზღვრებთან ახლოს, რაც რუსეთს, როგორც პუტინი ამბობს, არ სურს.
ნატო-ში თავდაცვის ხარჯები გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა, და რა თქმა უნდა, მანამდე იყო საქართველო, ასევე, მოლდოვაში არსებული რუსული ძალები ამ ქვეყნის მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ. ასე რომ, ყველაფერი რასაც პრეზიდენტი პუტინი აკეთებს, სრულიად ეწინააღმდეგება იმ მიმართულებას, რომლითაც მას, მისივე თქმით, სიარული სურს", - თქვა ბლინკენმა.
მისივე განცხადებით, "თუკი ევროპის უსაფრთხოებისთვის რაიმე გამოწვევა არსებობს, ეს ნატო-დან არ მოდის, რუსეთიდან მოდის".