მარჯანიშვილის თეატრი აცხადებს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელ, ლევან წულაძეს ვადა გაუვიდა და ის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას ხელახლა მიიღებს. წულაძე სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე 4 წლით იყო არჩეული.
"ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი. ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ.
ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში. ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში", - წერია თეატრის განცხადებაში.
ცნობისთვის, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან წულაძე თეატრიდან კულტურის მინისტრმა გაათავისუფლა, თუმცა არცერთმა მხარემ აღნიშნული არ დაადასტურა.